გიორგი ჭიაბრიშვილი არარატ-არმენიასთან დაპირისპირებაზე - მთავარი ბრძოლა 14 აგვისტოს თბილისში იქნება
გიორგი ჭიაბრიშვილი არარატ-არმენიასთან დაპირისპირებაზე - მთავარი ბრძოლა 14 აგვისტოს თბილისში იქნება
„კარგია, რომ „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ 2;1 დაამარცხა, მაგრამ ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჭიაბრიშვილი, რომლის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ ევროპის ლიგის პლეი ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.
 
„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გამარჯვებაში მთავარი როლი ფლანგის მცველების ნახევარდაცვაში გადაწევამ ითამაშა: „პირველ ტაიმში ლაკვეხელიანი და მალი შეტევებში აქტიურად ვერ ერთვებოდნენ. არადა, მათი გააქტიურება აუცილებელი იყო. სათამაშო სქემა სამ მცველზე რომ გადავაწყვე, ამ დროს აუცილებელი იყო ნახევარდაცვის ცენტრის და ფლანგების გაძლიერება. მალიმ და ლაკვეხელიანმა კი მართლაც ძალიან კარგად გაამწვავეს“.
გიორგი ჭიაბრიშვილი გულშემატკივრებს მიმართავს: „მთავარი ბრძოლა 14 აგვისტოს თბილისში იქნება. ძალიან მძიმე განმეორებითი შეხვედრას ველით, სადაც ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოს. იმედი მაქვს, რომ თბილისურ შეხვედრაზე სტადიონი გაივსება და მაგარი გულშემატკივრობა იქნება“.
„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ განმეორებით მატჩი თბილისში 14 აგვისტოს „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართება და ჩვენს ჩემპიონს აქვს შანსი, ევროპალიგის პლეიოფში გავიდეს.