გიორგი ჭელიძემ „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
გიორგი ჭელიძე წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი აღარაა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში“, – წერია „სამგურალის“ განცახდებაში.
გიორგი ჭელიძე „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად წელს, 3 იანვარს დაინიშნა. ახალგაზრდა სპეციალისტმა გიორგი მიქაძე შეცვალა. წყალტუბოს გუნდის ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ჭელიძესთან ერთად „სამგურალი“ დიდი მიზნებისთვის იბრძოლებდა, მაგრამ გუნდმა მესამე წრე ჩააგდო და სამეულსა და ევროთასებზე მოხვედრის შანსები შეუმცირდა.
37 წლის გიორგი ჭელიძე მწვრთნელთა PRO ლიცენზიის მფლობელია. სამწვრთნელო კარიერა „საბურთალო 2“-ში დაიწყო, სადაც ყველა ასაკობრივ გუნდში მუშაობდა, ბოლოს კი დუბლშემადგენლობის მწვრთნელად დაინიშნა.
ამას გარდა, ჭელიძე წვრთნიდა ბოლნისის „სიონს“, „თელავს“, ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“, ასევე მუშაობდა ქუთაისის „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბში.