გიორგი ჭელიძე - შევეცდებით, „თელავი“ გავაძლიეროთ #1TVSPORT
გიორგი ჭელიძე - შევეცდებით, „თელავი“ გავაძლიეროთ #1TVSPORT

მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა „თელავია“ – გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე ამბობს, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას „თელავის“ გაძლიერება სურს და სასურველი ფეხბურთელები შერჩეული ჰყავს.

„შემუშავებული გვაქვს მონახაზი და აუცილებლად შევეცდებით, რომ გუნდი გავაძლიეროთ და წერტილოვანი სელექცია განვახორციელოთ – ეს გარდაუვალი პროცესია“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.

„თელავს“ უახლოეს პერიოდში უშუალო კონკურენტებთან სამი რთული მატჩი ელის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამ მატჩებში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„უახლოეს სამ ტურში „საბურთალოსთან“, „ლოკომოტივთან“ და „სიონთან“ მართლაც რთული თამაშები გველის. ჩემპიონატში იოლი მატჩები არ არსებობს და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ“.

გიორგი ჭელიძის თქმით, მალე ტრავმირებული ლიდერების დაბრუნებას ელის.

„სამწუხაროდ, ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – მარაქველიძე, ქანთარია, ფირანაშვილი და კოხრეიძე. რთულია, როდესაც წამყვანი ფეხბურთელები ვერ გვეხმარებიან, თუმცა საბედნიეროდ, მათი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდებიან – სავარაუდოდ, ივლისში უკვე გუნდთან ერთად იქნებიან“.