გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „უოტფორდმა“ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე მეხუთელიგელი დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე ითამაშა „უოტფორდის“ შემადგენლობაში, რომელმაც მეხუთელიგელ „ჩესტერფილდთან“ დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2:1 მოიგო.
ასოციაციის თასის 1/32-ფინალურ მატჩში ქართველი ნახევარმცველის გუნდი ნაციონალ ლიგის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. „უოტფორდის“ მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა ბოლოდროინდელი ტრადიცია არ დაარღვია და ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. გიორგიმ მოედანზე 69 წუთი დაჰყო.
შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო და 28-ე წუთზე სტუმრები ჯო კუიგლმა დააწინაურა. 77-ე წუთზე მილეტა რაიოვიჩმა წონასწორობა აღადგინა.
90+5-ე წუთზე ნიგერიელმა ნახევარმცველმა, აიოტომივა დელე-ბაშირუმ „უოტფორდს“ გამარჯვება მოუტანა და თავისი გუნდი თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.