გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გოლი ისევ გაიტანა – 19 წლის ფეხბურთელი მომჯობინდა და ზედიზედ მეორე ტურია, „გენტის“ ფორმით ბელგიის ჩემპიონატში თამაშობს.
ბელგიური იუპილერ ლიგის საჩემპიონო ექვსეულის მე–4 ტურში „გენტი“ საკუთარ მოედანზე „ანტვერპენს“ დაუპირისპირდა. გუნდის განაცხადში ორივე ქართველი იყო და ორივემ ითამაშა. გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი ქვილითაია კი – 76-ზე. ამ დროს „გენტი“ ანგარიშით 0:1 აგებდა. 77-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა საჯარიმოში ბურთი მიიღო და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „ანტვერპენმა“ 82-ე წუთზე მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიშით 2:1 მოიგო.
ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე გუნდს გასულ ტურში „გენკთან“ (2:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემით დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხუთი თვის წინ, 4 დეკემბერს ბელგიის თასზე გოლი „ბეერსჰოტს“ გაუტანა.