გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ოფიციალურად წარადგინეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ ოფიციალურად წარადგინეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„„უოტფორდი“ სიხარულით ადასტურებს, რომ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კლუბს „გენტიდან“ იჯარით ერთი სეზონით შეუერთდა. გარიგება ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტსაც ითვალისწინებს.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 23 წლის მოთამაშე ჰერტფორდშირში საერთაშორისო გამოცდილებით ჩამოდის – ჩაკვეტაძეს საქართველოს ნაკრებში 16 მატჩი აქვს ჩატარებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უოტფორდში, გიორგი!“ – წერია „უოტფორდის“ განცხადებაში.

„უოტფორდი“ გიორგი ჩაკვეტაძის კარიერაში მეხუთე კლუბია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „ნორჩ დინამოელისა“ და „დინამო თბილისის“ აკადემიის შემდეგ, 16 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდში ითამაშა.

2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემდეგ ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ. „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი ტრანსფერით პირადად დაინტერესდა, მაგრამ ჩაკვეტაძემ, მენეჯერების რჩევით, ბელგიურ „გენტში“ თამაში ამჯობინა.

ბელგიაში გამუდმებული ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, მერე იჯარით „ჰამბურგში“ გადავიდა, გასულ სეზონში კი სლოვაკეთში, ბრატისლავის „სლოვანში“ ითამაშა და ფორმა აღიდგინა.

ეროვნულ ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში შედგა, სადაც თავი გოლით გამოიჩინა და ნაკრების შეტევების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იყო. მალე გიორგი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად და მაყურებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. 2018 წელს ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში გიორგი ახალი ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.