გიორგი ბუხაიძე - დამავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი მქონდა მიღებული #1TVSPORT
გიორგი ბუხაიძემ „დინამო თბილისისთან“ მოგებულ (2:0) მატჩის 90+5–ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. თუმცა, 28 წლის თავდამსხმელმა თავი სხვა კუთხითაც გამოიჩინა. მოედანზე 84-ე წუთზე შესულმა ოთხ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გოლის შემდეგ, ანუ 11 წუთში – მეორე ყვითელი ბარათი გოლის ემოციურად აღნიშვნისა და მაისურის გახდისთვის და მოედნიდან გააძევეს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ გიორგი ბუხაიძემ კომენტარი გააკეთა და არ დამალა, რომ სიხარულმა დაავიწყა მიღებული ყვითელი ბარათი.
„მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ემოციურ ფონზე დამავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი მქონდა, აღნიშვნისას მაისური გავიხადე და ამის გამო წითელი მივიღე. ძალიან დამწყდა ამ მომენტზე გული“, – ამბობს გიორგი ბუხაიძე.
28 წლის თავდამსხმელმა თამაშიც შეაფასა: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ბოლო ორი პრინციპული თამაში მოვიგეთ და ფსიქოლოგიური კუთხით ეს ძალიან გამოგვადგება“.