გიორგი ბერიძე - მოტივაცია დიდია და ორივე თამაშში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა შეკრებისა და მოახლოებული ამხანაგური მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთეს.
ვაკო გვილია: „შეკრებისთვის დიდი დრო იშვიათად გვაქვს, ეს დრო აუცილებად უნდა გამოვიყენოთ შესათამაშებლად და ახალი ტაქტიკური მონახაზის დასამუშავებლად. შეკრების საწყის ეტაპზე შედარებით მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა, ახლა კი უფრო ინტენსიურად ვემზადებით. პატარა პაუზის შემდეგ კვლავ ფორმაში შევდივართ და ამხანაგურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა, მაგრამ ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი მეტოქის მიუხედავად საამაყოა. საინტერესო თამაშებს ველოდები, რუმინეთი უხერხული მეტოქეა, ნიდერლანდები კი ძალიან დიდი გუნდია, ასე რომ ორივე მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება“.
გიორგი ბერიძე: „წინა შეკრებისგან განსხვავებით დიდი დრო გვაქვს და ეს ხელს შეგვიწყობს, თამაშებისთვის კარგად რომ მოვემზადოთ. უფრო გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო კარგად შევთამაშდებით ამხანაგური თამაშებისთვის. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური – მოტივაცია დიდია და ორივე თამაშში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ“.
საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს რუმინეთთან (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.