გიორგი ბერიძე - ახალ სეზონში მეტი უნდა გავიტანო #1TVSPORT
გიორგი ბერიძე - ახალ სეზონში მეტი უნდა გავიტანო #1TVSPORT

13 ივნისს, „უიპეშტის“ საკლუბო ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოთამაშეები და მათ შორის გიორგი ბერიძე, ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ. 25 ივნისს უნგრული კლუბი ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამ მატჩს გამართავს (27 და 30 ივლისს და 2 აგვისტოს). 4 ივლისს „უიპეშტი“ უნგრეთში დაბრუნდება და ვარჯიშს საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს.

ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბერიძე უნგრეთშია და ამბობს, რომ სურს გასული სეზონის შედეგები გააუმჯობესოს და გუნდი ევროტურნირის ჯგუფში მოხვდეს.

„გასულმა სეზონმა დაადასტურა 2018-2019 წლებში გიორგი ბერიძისგან დატოვებული შთაბეჭდილება – ის უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერია. ქართველი თავდამსხმელი „უიპეშტში“ ჩავიდა, როგორც თავისუფლი აგენტი. პირველ მატჩში მან გოლი „ფეჰერვარს“ გაუტანა, რასაც მოჰყვა ჩემპიონატში კიდევ ცხრა და უნგრეთის თასზე ექვსი გოლი. ამასთან, ასეთი შედეგიანობა ადვილი არ იყო, რადგან გუნდთან კონტრაქტი მხოლოდ ოქტომბერში გააფორმა, მერე ჰქონდა კორონავირუსი და შემდეგ გუნდში მწვრთნელიც შეიცვალა – მან კარიერაში მაინც საუკეთესო სეზონი ჩაატარა“, – წერს გამოცემა nemzetisport.

„მე მივიღე საუკეთესო გადაწყვეტილება, როდესაც „უიპეშტის“ შეთავაზებას დავთანხმდი. ორი წლის წინ, გუნდში იჯარით ვთამაშობდი, მას კარგად ვიცნობდი და ამიტომ მარტივად მოვერგე. ჩავარდნები გვქონდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად გამოვიდა, რადგან თასი მოვიგეთ. თუ ჩემს ინდივიდუალურ გამოსვლებს გადავხედავ, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო სეზონი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესი გავხდები და შედეგსაც გავაუმჯობესებ. ჩემი მიზანია, რომ ახალ სეზონში მეტი უნდა გავიტანო“, – განუცხადა ბერიძემ.

მას შემდეგ, რაც დეკემბერში მთავარი მწვრთნელი მაიკლ ოენინგი გახდა, „უიპეშტი“ კლასიკური გარემარბის გარეშე თამაშობდა და განახლებულ სქემაში 24 წლის ფეხბურთელი ახალ როლში გამოჩნდა:

„მე მეორე შემტევს ვთამაშობ და მეტი გამაქვს, თავს შესანიშნავად ვგრძნობ ახალ როლში. ჯინიორ ტალო და მე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ის არის ძლიერი, მე კი – სწრაფი ვარ“.

ბერიძეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს:

„ჩვენი მიზანია ჩემპიონატის პირველ სამეულში დასრულება და უნგრეთის თასის კიდევ ერთხელ მოპოვება. ამავე დროს, გვსურს გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ევროსარბიელზე მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში და უნდა ვეცადოთ, კონფერენციების ლიგის ჯგუფში მოხვდეთ“.

შემტევს, რომელიც 7 ივნისამდე საქართველოს ნაკრებში იყო, ვილი სანიოლის გუნდში რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებში არ უთამაშია. გიორგის თქმით, ამ პერიოდში მცირე ტრავმები აწუხებდა:

„ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ნაკრებში ითამაშოს. სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მნახა, ახლა კი დავისვენე. ორწლინახევრის შემდეგ მან ეროვნულ ნაკრებში დამაბრუნა. თუ ასე გავაგრძელებ, შემიძლია უფრო მნიშვნელოვანი როლი შევასრულო, მაგრამ ვიცი, რომ ამ დონეზე თავსი გამოსაჩენად კარგად ჩატარებული ერთი კარგი სეზონი საკმარისი არაა. ახლა ჩემგან უფრო მაღალ დონეზე თამაშს ელიან“.