გიორგი არაბიძემ ისევ გაიბრწყინა - „ტორპედომ“ სახლში მოიგო, „თელავმა“ - სტუმრად #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ 4:1 დაამარცხა, ხოლო ქობულეთის „შუქურა“ „თელავთან“ 0:2 დამარცხდა.
„ტორპედომ“ „გაგრასთან“ პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მატჩის გმირი გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც მე-19 წუთზე პენალტი მოიპოვა და თავად ზუსტად შეასრულა. 44-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ „ტორპედოს“ უპირატესობა გაზარდა.
„გაგრამ“ მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა შეამცირა, კლოდინის დარტყმას საბა გოგლიჩიძე გადაეღობა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 63-ე წუთზე სტუმრები 10 მოთამაშით დარჩნენ, „გაგრის“ კაპიტანმა, ლუკა ნოზაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. არაბიძემ სამ წუთში ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე პენალტით გიორგი ფანცულაიამ დააფიქსირა – 4:1.
„ილია კოკაიას“ სახელობის სტადიონზე ქობულეთის „შუქურამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მეოთხე წუთზე ანგარიში იოზეფ მენიხმა გახსნა, ხოლო მეორედ „შუქურას“ კარი 58-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ აიღო.