ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულმა, გიორგი არაბიძემ სეზონისთვის მზადებაზე, სერბულ „ნაპრედაკთან“ ამხანაგური მატჩსა და საკუთარ მზადყოფნაზე ისაუბრა.
„ეს ისტორიული კლუბია, სადაც თავს კარგად და რაც მთავარია, ბედნიერად ვგრძნობ. ყველას, მეც, ახალწვეულებს და ვინც გუნდში იყო, ერთი მიზანი გვაქვს – ერთად მივაღწიოთ წარმატებას. რა თქმა უნდა, ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არ ვარ, რადგან გუნდს ცოტა გვიან შევუერთდი. ფიზიკურ მოსამზადებელ პერიოდს ახლა გავდივარ და ჯერ არ დამიმთავრებია – რამდენიმე დღე დამრჩა, მაგრამ თავს ყოველი დღე უკეთ და უკეთ ვგრძნობ“, – ამბობს გიორგი არაბიძე.
საქართველოს ნაკრებში ნათამაშები 23 წლის ფეხბურთელის თქმით, ქუთაისურ კლუბში ბევრი ახალწვეულია და შეთამაშება სჭირდებათ, სერბულ კლუბთან მოგებას კი დიდ ყურადღებას არ აქცევს.
„დებიუტი კარგი გამოვიდა. ამხანაგური თამაში არის როგორც ვარჯიში და ბევრს არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, გაკეთდეს ის, რასაც მწვრთნელი გვავალებს. ახალი გუნდი ვართ, შეთამაშება გვჭირდება. რამდენიმე ფეხბურთელთან მქონდა შეხება, მაგრამ უმრავლესობასთან არ მქონია. ეს ვარჯიშები და ამხანაგური თამაშები ჩემპიონატამდე შეთამაშებაში დაგვეხმარება“, – აცხადებს ქუთაისელთა ახალწვეული.