გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი სტუმრად „პაკუშ ფერეირასთან“ ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მე-18 წუთზე „ჟილ ვისენტემ“ ანგარიში გახსნა, გოლი ნავარომ გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ წესის დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. 34-ე წუთზე ბუცკემ „პაკუშ ფერეირა“ დააწინაურა. მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა ლიმამ ორამდე გაზარდა და ქართველის გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
68-ე წუთზე ნავარომ მაინც გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა თამაში ვეღარ გადაარჩინეს.
აბურჯანიას გუნდი 18 ტურის შემდეგ 18 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულა აშორებს.