გიორგი აბურჯანია - გვსურს ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ
გიორგი აბურჯანია - გვსურს ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ

გიორგი აბურჯანია საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, ანდორასთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის ემზადება.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ლუგოს“ მოთამაშე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან ერთად მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„ოთხი გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი განწყობაა. მოდუნებულები არ ვართ, რადგან ეს საქართველოს ნაკრებია და ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. წელს ბოლო ორი ოფიციალური თამაში დაგვრჩა და გვსურს, ერთა ლიგაზე წარმატებით დაწყებული ეტაპი ასევე გავაგრძელოთ. უკვე სამი დღეა, რაც ანდორაში ვიმყოფებით და საკმაოდ კარგი გარემოა. ფეხბურთელები თამაშის მოლოდინში ვართ და გვსურს, რომ ანდორასთან კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩავატაროთ“ – აცხადებს გიორგი აბურჯანია.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას ანდორასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 23:45 საათზე, პირველი არხი შემოგთავაზებთ.