გიორგი აბურჯანია - „ჟილ-ვისენტეში“ პირველმა სეზონმა ისე არ ჩაიარა, როგორც მსურდა #1TVSPORT
გიორგი აბურჯანია „ჟილ-ვისენტეში“ მეორე სეზონია, თამაშობს და რთული პერიოდის შემდეგ, მეორე სეზონში გუნდში ადგილი დაიმკვიდრა, – ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა abola წერს და ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუს აქვეყნებს.
„აბურჯანიამ გაზარდა პროდუქტიულობა და გავლენა 2022/2023 სეზონში. 2021/2022 სეზონში მან მხოლოდ რვაჯერ ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი (ყველა ტურნირზე) 20 თამაში ჩაატარა, 9 მათგანი კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო“, – წერს abola.
„პირველმა სეზონმა ისე არ ჩაიარა, როგორც მსურდა. ყოველთვის ისე არ მიდის საქმე, როგორც გეგმავ. ეს იყო რთული წელი პირადად ჩემთვის, მაგრამ გუნდისთვის შესანიშნავი წელი გამოდგა“, – აღნიშნავს ქართველი ლეგიონერი.
სირთულეების მიუხედავად, აბუჯანია ამ გადაწყვეტილებას არ ნანობს.
„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან „ჟილ-ვისენტე“ ყოველმხრივ იზრდება. გუნდში წარმოუდგენლად კარგი ხალხია, რადგან ყველასგან იგრძნობა დიდი მხარდაჭერა სპორტულ, ადმინისტრაციულ და სამედიცინო სტაფებში, ხოლო გულშემატკივრები რთულ დროს მუდამ გვამხნევებენ“.
ქართველი ნახევარმცველი, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება, პორტუგალიაში დარჩენის სურვილს გამოხატავს.
„პორტუგალიის ჩემპიონატში უწყვეტი წინსვლა იგრძნობა. აქ ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელია. მაგალითად, ჩვენს გუნდში ფრან ნავაროა, რომელიც ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად მიმაჩნია. სასიამოვნოა, რომ ასეთი ფეხბურთელი გვერდით მყავს“.