გიორბელიძის დრეზდენის „დინამო“ პლეი ოფში დამარცხდა და მესამე ლიგაში დაქვეითდა #1TVSPORT
მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დრეზდენის „დინამომ“, სადაც გურამ გიორბელიძე თამაშობს, პლეი ოფის განმეორებით მატჩში მესამელიგელ „კაიზერსლაუტერნს“ უმასპინძლა, დამარცხდა და დაბალ ლიგაში დაქვეითდა.
დრეზდენელებმა პირველი მატჩი გასვლაზე 0:0 დაასრულეს და გასვლაზე ნაჩვენები შედეგის გამო, ცხადია, საკუთარ არენაზე ფავორიტად მიიჩნეოდნენ.
გურამ გიორბელიძემ პირველი მატჩი შეუცვლელად ითამაშა, ამჯერად კი მთვარმა მწვრთნელმა, გუერინო კაპრეტიმ მის ნაცვლად კრის ლოვე დააყენა, ქართველი მცველი კი მთელი მატჩი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიში „კაიზერსლაუტერნი“ გააქტიურდა და მე-60 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, დანიელ ჰანსლიკმა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა.
„დინამოს“ ლიგაში ადგილის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა და მთელი გუნდით შეუტია, მაგრამ 90+2-ე წუთზე ფილიპ ჰერჩერმა კონტრშეტევაზე დრეზდენელებს მეორე გოლიც გაუტანა.
საბოლოოდ, „კაიზერსლაუტერნმა“ 0:2 მოიგო და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მეორე ბუნდესლიგის საგზური დაიბრუნა, გიორბელიძის გუნდი კი მესამე ლიგაში დაქვეითდება.