გურამ გიორბელიძე ივლისის შემდეგ მოედანზე პირველად ნოემბრის ბოლოს გავიდა და ეს ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე მოახერხა.
გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა. ქართველი მცველი ავსტრიელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორბელიძე კი 82-ე წუთზე გამოჩნდა. მან 19 ივლისის შემდეგ პირველად ითამაშა, ანუ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ.
მე-60 წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ ხორვატებმა ბოლო ნახევარ საათში სამი გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი საგოლე გადაცემა არიან ადემმა გააკეთა, რომელმაც 12 ნოემბერს საქართველოს წინააღმდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ფორმით ითამაშა.
ამავე ჯგუფში, მორიგი თამაში ჩაატარა კონსტანტინე მარადიშვილმა, რომელმაც ცსკა-ს ფორმით როტერდამის „ფეიენოორდთან“ 90 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი 0:0 დასრულდა. ოთხი ტურის შემდეგ „ვოლფსბერგერი“ ოთხი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, ცსკა კი ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
„გენტმა“ საშინაო შეხვედრაში სერბული „ცრვენა ზვეზდა“ მიიღო და 0:2 დამარცხდა. სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ჯერ ვერ თამაშობს. „ლ“ ჯგუფში „გენტს“ ჯერ ქულა არ მოუპოვებია და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.