გიგი წერეთელი აცხადებს, რომ დავით კირკიტაძეს თავდებში 27 დეპუტატი უდგება
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად გურჯაანში ჩავლენ დეპუტატები, რომლებმაც კირკიტაძის თავდებით გათავისუფლებას მოაწერეს ხელი.
ადგილზე უკვე მივიდნენ გრიგოლ ვაძაძე, გია როინიშვილი, გიგი წერეთელი და ირმა ნადირაშვილი. როგორც გიგი წერეთელმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, 27 დეპუტატი დავით კირკიტაძეს თავდებში უდგება და პასუხისმგებლობას იღებს, რომ ის გამოძიებას არ მიემალება.
„ვფიქრობ, დავით კირკიტაძის საპატიმროში ყოფნა საჭიროა არ არის, ეს არ არის კრიმინალი და იმ დონის დანაშაული, რომ საზოგადოებას საშიშროებას უქმნიდეს. შესაძლებელია, იყო დარღვევა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დისპროპორციული და იმედი გვაქვს, მოსამართლე გაითვალისწინებს 27 დეპუტატის პასუხისმგებლობას, რომ კირკიტაძე არ მიემალება გამოძიებას“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
დაცვის მხარემ 25 თებერვალს სასამართლოს დაკავებულის პასპორტი და პირადობის მოწმობა გადასცა და განუცხადა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კირკიტაძე საქართველოს საზღვრების დატოვებას და გამოძიებისთვის თავის არიდებას არ აპირებს. სასამართლოს გადასცეს ასევე 15 ათასი მოქალაქისა და პარლამენტის დეპუტატების ხელმოწერები კირკიტაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად, გათავისუფლების თავდებობის შესახებ.
დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.მას პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი.