გიგაური აზერბაიჯანის თასის გამარჯვებულ კლუბში გადავიდა - „კეშლა“ უკეთესი გუნდია, რადგან ევროტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
მერაბ გიგაურმა აზერბაიჯანის კლუბი „გაბალა“ დატოვა და კარიერას ამავე ქვეყნის მეორე გუნდში, ბაქოს „კეშლაში“ გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ფეხბურთელმა დაუდასტურა.
„სეზონის დასრულების შემდეგ „გაბალასთან” კონტრაქტი დამისრულდა და ბაქოს „კეშლაში“ ჩავირიცხე, კონტრაქტი ერთ წლით გავაფორმე და კმაყოფილი ვარ, რადგან ეს აზერბაიჯანის თასის მფლობელი გუნდია და კონფერენცლიგაზე ითამაშებს“, – განაცხადა საქარველოს პირველ არხთან მერაბ გიგაურმა.
28 წლის ნახევარმცველი კახა ჩხეტიანის ქუთაისის „ტორპედოს“ ყველა წარმატების მონაწილე იყო, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია, „გაბალაში” კი 2019 წელს ჩაირიცხა. ბაქოს „კეშლა“ აზერბაიჯანის თასის გამარჯვებული 24 მაისს გახდა, სადაც „სუმგაითი“ 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში ეს ჯილდო მეორედ მოიგო.
„ამ გუნდში გადასვლა ჩემთვის კარგი ვარიანტი იყო, რადგან ჩემი ყოფილი გუნდი „გაბალა“ მე-7 ადგილზე გავიდა, „კეშლა“ კი მე-6 ადგილზე და თანაც თასის მფლობელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ის სენან გურბანოვია, ვინც „გაბალაში“ გადამიყვანა. კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდიც უკეთესია, ევროტურნირზე ითამაშებს და კონტრაქტიც გაუმჯობესებული პირობებით გავაფორმე“, – ამბობს გიგაური.