იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – გიგა ჯანელიძემ კონტრაქტი გააფორმა „ვენეციასთან“. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სერია A-ს კლუბების ღირსებას იცავდნენ თორნიკე შენგელია (ვირტუსი), ბექა ბურჯანაძე (რეჯო ემილია) და რომა ჭინჭარაული (სკაფატი).
გიგა იტალიის ჩემპიონატის ქვედალიგელი „ტრიესტეს“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი არაერთ კლუბში უთამაშია – „კასალპუსტერლენგო“, „ურანია მილანო“, „როსეტო“, „ავრორა ჯესი ბასკეტი“, „დინამო კალიარი“, „ნაპოლი“, „აველინო“, „ვერონა“, „ორზინუოვი“ და „მანტოვა“.
„ძალიან გამიხარდა იტალიის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი „ვენეციის“ წინადადება. ასეთი გუნდი რომ გეპატიჟება, უარი არ უნდა თქვა. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ვეცდები, მაქსიმალურად დავეხმარო მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა გიგა ჯანელიძემ.