გიგა ჭიკაძე - დანა უაიტი და შონ შელბი დამიკავშირდნენ და მხარდაჭერა გამომიცხადეს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან მნიშვნელოვან ბრძოლამდე ხუთი დღით ადრე
გიგა ჭიკაძე UFC-ში წლის ყველაზე აქტიურ მებრძოლებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. ქართველმა მიმდინარე წელს უკვე მოასწრო სამი დაპირისპირების მოგება. სულ კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში გიგას რეკორდი შთამბეჭდავად გამოიყურება – ოთხი გამარჯვება და არც ერთი მარცხი.
ომარ მორალესთან მოპოვებული შთამბეჭდავი მოგების შემდეგ, ერთი თვეც არ არის გასული. გიგა კი ოქტაგონს უკვე მიმდინარე კვირას უბრუნდება. მეტოქე თავდაპირველად რეიტინგის მე-9 მებრძოლი არნოლდ ალანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ინგლისელმა ბრძოლაზე უარი თქვა და გიგა 8 ნოემბერს UFC-ის დებიუტანტ ჯეიმი სიმონსს შეხვდება. 28 წლის ამერიკელს შერეულ ორთაბრძოლებში 6 ბრძოლა აქვს მოგებული, ორი კი მისი მარცხით დასრულდა.
მნიშვნელოვან ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ გიგას ამერიკაში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით
– ძალიან მცირე დროის მონაკვეთში დათანხმდი UFC-ის დებიუტანთან ბრძოლას. ომარ მორალესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 1 თვეც არ არის გასული. რა ინფორმაცია გაქვს ჯეიმი სიმონსზე? რა არის მისი ძლიერი მხარე?
– თავდაპირველად, ჩემი ბრძოლა არნოლდ ალანთან იგეგმებოდა, თუმცა ბოლოს მან უარი თქვა და UFC-იმ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა. რამდენიმე დღის წინ შემატყობინეს სიმონსის შესახებ და რა თქმა უნდა, ბრძოლას დავთანხმდი. მასზე, გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, რა თქმა უნდა. ის ჩემზე გაცილებით დაბალია. ხელით საკმაოდ ძლიერ დარტყმებს ფლობს. ჭიდაობითაც კარგად ჭიდაობს. პარტერში საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია მუშაობა, თუმცა მტკივნეული ილეთების არსენალი საკმაოდ სუსტი აქვს. ახლო დისტანციაში ბრძოლას ანიჭებს უპირატესობას. ეს ყველაფერი მისი რამდენიმე ბრძოლის ნახვის შემდეგ დავადგინე.
– როგორც პირველ კითხვაში უკვე აღვნიშნე, ერთ თვეზე ნაკლებია გასული ომარ მორალესთან გამარჯვების შემდეგ. როგორც გვახსოვს, ბრძოლის შემდეგ ფეხი შესიებული გქონდა. ამჟამად, რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ?
დიახ, ნამდვილად მივიღე ფეხის ტრავმა ომარ მორალესთან ბრძოლაში, ისევე როგორც თავად ომარმა მიიღო უფრო მეტი დაზიანება. მას წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. რაც შეეხება ჩემს ფეხს, ყოველ დღე პროგრესირებს და რეაბილიტაციის პროცესი ვარჯიშების პარალელურად კარგად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, შაბათისთვის სრულად მოვასწრებ მწყობრში ჩადგომას.
– იმ შემთხვევაში თუ მოახერხებ სიმონსის დამარცხებას, კევინ ჰოლანდს გაუთანაბრდები, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მოგებების მაჩვენებლით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი შენთვის და დამატებით მოტივაციას თუ გაძლევს ბრძოლამდე?
რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ მოვახერხებ გამარჯვებას, ეს ძალიან კომფორტულ და მოწინავე პოზიციაში დამაყენებს. აქვე გეტყვით, რომ UFC-დან უკვე დამიკავშირდნენ შონ შელბი და დანა ვაიტი და მხარდაჭერა გამომიცხადეს. მითხრეს, რომ ძალიან აფასებენ ჩემს აქტიურობას და იმას, რომ ასეთ მცირე დროში დავთანხმდი ტოპ 10-ის მებრძოლთან დაპირისპირებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაცია არის ჩემთვის.