გიგა ჭიკაძე - ალექს კასერესმა გამაბრაზა და მასთან ბრძოლას სიამოვნებით დავთანხმდები
ქართველი მებრძოლი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში (UFC) დაუმარცხებლად გამოსვლას განაგრძობს. აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე 11 ოქტომბერს ისტორიული ქარდი გაიმართა. ღონისძიებაზე ორი ქართველი მებრძოლი გამოვიდა და თანაც ორივემ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
გიგა ჭიკაძემ აქამდე დაუმარცხებელ ომარ მორალესს „წაგების გემო გაასინჯა“ და UFC-ში მიჯრით მეოთხე გამარჯვება იზეიმა. გიგამ ვენესუელელ ათლეტს სამივე რაუნდის განმავლობაში შანსი არ დაუტოვა. ჭიკაძეს მესამე რაუნდში ბრძოლის ნაადრევად დასრულებაც შეეძლო, თუმცა მორალესმა სერიოზულ წნეხს გაუძლო და ბრძოლის დასრულება მოახერხა. საბოლოოდ, მსაჯებმა გიგას დამაჯერებელი, ერთსულოვანი გამარჯვება დააფიქსირეს (30-27, 30-27 და 30-27). პირველი არხი გიგას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გამარჯვება მოიპოვე. ზოგი ექსპერტი და ასევე ბუკმეიკერული კომპანიებიც ამ ბრძოლის აუტსაიდერად მიგიჩნევდნენ, თუმცა საპირისპირო დამაჯერებლად დაამტკიცე. როგორ ფიქრობ, რა დაგაკლდა „ფინიშისთვის“ მესამე რაუნდში და ომარ მორალესზე რომ გვითხრა შენი აზრი უკვე უშუალოდ ბრძოლის შემდეგ.
დიახ, დაგეთანხმებით, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ჩემთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ბევრი ექსპერტი მიიჩნევდა, რომ მე აუტსაიდერი ვიყავი ამ ბრძოლაში, თუმცა როგორც ნახეთ, ოქტაგონზე განსხვავებული სცენარი იყო. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი გამომივიდა. ომარ მორალესი ძლიერი მებრძოლია, ის აქამდე არ დამარცხებულა და დასამტკიცებელი ბევრი მქონდა. რაც შეეხება ნოკდაუნის ეპიზოდს, ძალიან მინდოდა ბრძოლა ნაადრევად დამესრულებინა, თუმცა სამწუხაროდ გადამირჩა. აქვე იმას ვიტყვი, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი ემოციები მეკონტროლებინა, რათა შეცდომა არ დამეშვა. ვფიქრობ, ყველაფერი გამომივიდა.
UFC-ში 4-0 რეკორდი გაქვს. ეს უკვე სერიოზული განაცხადია. ვისთან გსურს მომდევნო ბრძოლის ჩატარება და როდის?
ძალიან მინდა, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე იყოს ტოპ 15-იდან. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ სიამოვნებით დავთანხმდებოდი ალექს კასერესთან ბრძოლას. ჩვენ უნდა გვებრძოლა აგვისტოში, ალექსს კორონავირუსი დაუდგინეს და მე მას დაველოდე. შემდგომ, როგორც იცით, მე გადავიტანე COVID 19, თუმცა სამწუხაროდ კასერესი არ დამელოდა და გამართა დაპირისპირება. ამ ფაქტმა გამაბრაზა და სწორედ ამიტომ მსურს „ბრიუს ლი როისთან“ ოქტაგონის გაზიარება. რაც შეეხება თარიღს, დიდხანს უქმობა არ მსურს, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში სიამოვნებით ვიბრძოლებდი.
ომარ მორალესთან ბრძოლისას რაიმე სერიოზული ტრავმა ხომ არ მიგიღია?
საკმარისად ბევრი ტრავმა მივიღე, თუმცა სერიოზული არაფერია. პირველ რაუნდში მე მას მარჯვენა ფეხით მარცხენა ფეხში რამდენიმე მძიმე ტრავმა მივაყენე. რაუნდის ბოლოს, როდესაც შევენებაზე დავჯექი, მივხვდი, რომ სერიოზული დაზიანება მქონდა მიღებული, სწორედ ამიტომ მომდევნო რაუნდებში ისე აქტიურად ვეღარ ვხმარობდი ფეხს, როგორც პირველ რაუნდში. ამჟამად ფეხი შესიებული მაქვს, თუმცა რეაბილიტაციის პერიოდი დიდხანს არ გასტანს.
ქართული MMA-ისთვის ისტორიული დღე იყო, ქარდზე ორმა ქართველმა იბრძოლეთ და რაც მთავარია, ორივემ გაიმარჯვეთ. თუ მოახერხე ილიას ბრძოლის ნახვა და რა შეგიძლია თქვა ამ პერსპექტიულ ქართველ მებრძოლზე.
დიახ, რა თქმა უნდა, ვნახე ილიას ბრძოლა და უბედნიერესი ვარ მისი გამარჯვებით. ის მხოლოდ 23 წლის არის და ასეთი დებიუტი სერიოზული შედეგია. ილია ბრძოლას 8 დღით ადრე დათანხმდა და ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოახერხა დომინანტური გამარჯვების მოპოვება. დიახ, დაგეთანხმებით, ნამდვილად ისტორიული დღე იყო ქართულ MMA-ში. ორმა ქართველმა ვიბრძოლეთ და ორივემ გავიმარჯვეთ. ილიას მოგება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ მეც სრულფასოვნად მეზეიმა ჩემი გამარჯვება.