გია ვოლსკი - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია იმას ემსახურება, რომ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა გაჭიანურდეს და ჩაიშალოს
გია ვოლსკი - „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია იმას ემსახურება, რომ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა გაჭიანურდეს და ჩაიშალოს

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია იმას ემსახურება, რომ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვა გაჭიანურდეს და ჩაიშალოს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, არავინ უარყოფს, რომ სახეზე იყო პოლიტიკური დემარში, რათა ბიუროს სხდომა არ გამართულიყო.

„გულუბრყვილო არავინ არის, რომ დაიჯეროს, ოპოზიციის მხრიდან „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და უკეთესი კანონი შევქმნათ, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის იმიტომ, რომ პარლამენტში უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გაიწელოს და იქნებ, ჩაიშალოს კიდეც განხილვის პროცესი.

რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური დემარში, რომ ბიუროს სხდომა არ გამართულიყო, იყო სახეზე და ამას არავინ უარყოფს. ეს პროცესი პროცედურულ ბრძოლაში გადაიჭრა. ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ყველანაირი საშუალება გააჩნია, რომ თავისი მოსაზრებები თითოეულ პუნქტზე წარმოადგინოს. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი იგივე შინაარსის არის, რაც ლონდა თოლორაიასი, პოზიციებს შორის განსხვავება არ არსებობს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

ამასთან, შეკითხვაზე, ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას მსვლელობა რომ მისცემოდა, რა იცვლებოდა, ვოლსკიმ აღნიშნა: „პროცედურის მიხედვით, ამას გაცილებით უფრო დიდი დრო სჭირდება, ე.წ. ფილი ბასტერის პროცედურის გამოყენება იყო ის გეგმა, რაც ოპოზიციას გააჩნდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო.