გია ვოლსკი - ოპოზიციის განცხადებაზე ხელმომწერ პარტიებში ოქრუაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენიათ, როდესაც ამბობდა, რომ სააკაშვილი კონკრეტული ადამიანების მკვლელობებს უკვეთავდა
გია ვოლსკი - ოპოზიციის განცხადებაზე ხელმომწერ პარტიებში ოქრუაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენიათ, როდესაც ამბობდა, რომ სააკაშვილი კონკრეტული ადამიანების მკვლელობებს უკვეთავდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე გააცოცხლოს. საუბარია 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დაბარებაზე.

„ქართულ ოცნებას“ არავითარი ინტერესი ან გავლენა არ აქვს, რომ საქმე გააცოცხლოს ან მოკლას. ოქრუაშვილის მიმართ კითხვები არ გასჩენიათ განცხადებაზე ხელის მომწერ პარტიებში, როდესაც იგი სულ ახლახან ამბობდა, რომ სააკაშვილი მას კონკრეტული ადამიანების მკვლელობებს უკვეთავდა. დღეს, როდესაც ეს საკითხი იხილება სრულად სამართლებრივ ჭრილში, რასაკვირველია, უადგილოა, უსაფუძვლოა და ვფიქრობ, პოლიტიკური თამაშია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ ოქრუაშვილის შემდგომი ბედის შესახებ. ოქრუაშვილი არ იყო უდანაშაულოდ ცნობილი არც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც პრეზიდენტმა შეიწყალა. პრეზიდენტმა თქვა კიდევაც ამის თაობაზე ხაზგასმით. ასე რომ, გადაწყვეტს ყველაფერს სასამართლო და მტკიცებულების ერთობლიობა, რომელიც შეკითხვას არ უნდა ბადებდეს არც ჟურნალისტებისთვის და შესაბამისად, არც საზოგადოებისთვის. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი გავლენა ამ პროცესებზე ვერ ექნება. ასეთი სპეკულაცია, რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა იყოს, არ არის მოულოდნელი რასაკვირველია, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც გვეტყვის ან განაცხადებს, რომ კონკრეტული დანაშაულების მქონე ადამიანს პასუხი არ უნდა მოეთხოვოს. ასე რომ, სასამართლო გადაწყვეტს, რა არის მართალი და რასაკვირველია, ეს ის სასამართლო არ არის, როდესაც ორ წუთში წყვეტდნენ, ვინ დაეჭირათ, ვინ გამოეშვათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით, ვინ ეწამებინათ და ვისთვის სიცოცხლე წაერთმიათ. დამთავრდა ეგ დრო, საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი საზოგადოებაც იქნება სრულად ინფორმირებული და შეკითხვები არ დარჩება ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გია ვოლსკი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არავითარი სურვილი არ გააჩნია, რომ ოქრუაშვილი მოაკლდეს ოპოზიციას.

„რომ დავფიქრდეთ, ოქრუაშვილის ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან არც უნდა იყოს მისი ოპონენტებისთვის მისაღები. ოქრუაშვილი არის პიროვნება, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს და იცნობს საკმაოდ ნეგატიური კუთხით.

ოქრუაშვილი გუშინ ამბობდა, რომ სააკაშვილი მკვლელობის დამკვეთი იყო, გუშინ რუსეთის ინტერესებიდან და რუსული პლატფორმიდან საუბრობდა, დღეს კიდევ ხელიხელჩაკიდებული დადიან ერთად. რასაკვირველია, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დამაზიანებელია ჩვენი ოპონენტებისთვის, გაერთიანებული ოპოზიციისათვის, მაგრამ იგი პასუხისმგებელია საზოგადოებისა და თუნდაც, უფლის წინაშე – მე ასე განვსაზღვრავ. მაგრამ, როგორ განსაზღვრავს სასამართლო სამართლებრივ ჭრილში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ

არც 8 მარტს, არც 7 მარტს და არც 8 მარტის შემდეგ საუბარი კონკრეტულ გვარებზე არ ყოფილა. არც უგულავა, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა გაფლანგა ბიუჯეტიდან; არც ოქრუაშვილი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული მიუძღვის და ეს ტელევიზიით ყველამ ვიხილეთ, არავის არ უცნია უდანაშაულოდ. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო პრეზიდენტმა ესეთი გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, სერიოზული სასპეკულაციო არგუმენტები გამოართვა ხელიდან ოპონენტებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურად გვაწყობს, თუ არ გვაწყობს, მე მგონი, ამაზე კითხვაც არ უნდა ისმოდეს. რასაკვირველია, პოლიტიკურად ოქრუაშვილი და მისთანა პიროვნებები თუ არიან ოპონენტების ჯგუფში და მით უმეტეს, მოგვევლინებიან პოლიტიკურ ლიდერებად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს დამაზიანებელია ოპონენტებისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის“, – აცხადებს გია ვოლსკი.