გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანია, ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რაც კარგად იცის კარლ ჰარცელმაც
გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანია, ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რაც კარგად იცის კარლ ჰარცელმაც

საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ევროკავშირზე, ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ცალკეულ ქვეყნებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ ქვეყანაში სტაბილურობის აუცილებელი პირობა არ დაირღვეს. ეს გზა მეხუთე რაუნდისკენ რომ არ მიდის, რაც დღეს ხდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის საკითხთან მიმართებაში, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანია, არ მოხდეს მოლაპარაკება, ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რაც კარგად იცის კარლ ჰარცელმაც.

„ეს გზა, ზუსტადაც რომ, მეხუთე რაუნდისკენ არ მიდის. ამ გუნდის მიზანია, როგორ არ მოხვდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და როგორ აირიდონ თავიდან იმაზე საუბარი. ასევე, არ მონაწილეობენ იმ კომისიის მუშაობაში, რისკენაც ათასგზის მოუწოდებთ – საერთაშორისო თანამეგობრობა. „ნაცმოძრაობის“ მთავარი მიზანია, არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს მოლაპარაკება და ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რასაც დაუფარავად ლაპარაკობენ და ეს კარლ ჰარცელმაც ძალიან კარგად იცის.

სასამართლოსთან დაკავშირებით რეიტინგით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ წინ არის წასული. თუნდაც, სტრასბურგში საქმეების რაოდენობით ჩანს, რომ შემცირებულია იმ ხალხის საჩივრები, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა საქართველოში. რეიტინგში პირველ ოცეულში ყოველთვის ჩვენი სასამართლოა. ამ და ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში, შეგვიძლია, ამოვიღოთ საქმე და შევაფასოთ ვითარება, ანალოგიები ვნახოთ იმ ქვეყნების, რომლებიც არიან დემოკრატიული განვითარებული ქვეყნების პირველ ათეულში, ევროკავშირთან ან თუნდაც, აშშ-ის ბოლო მოვლენებთან. დავინახავთ, რომ სასამართლოს შეიძლება აგინო, მაგრამ კონკრეტული საქმე ვერ წარმოადგინო. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც, სასამართლო სრულად გაითვალისწინებს როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის არგუმენტებს და გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, რომელშიც ჩვენ, არავის გაგვიჩნდება შეკითხვები“, – აცხადებს ვოლსკი.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ნიკა მელიას არ უნდა მოეხსნა სამაჯური. მისივე თქმით, ჰარცელის მოწოდება უპირველესად ოპოზიციას ეკუთვნის.

„რა ნაბიჯი უნდა გადაედგა? – უპირველეს ყოვლისა, არ უნდა მოიხსნა სამაჯური და ხელისუფლებას არ უნდა ესროლო. ასევე, არ უნდა თქვა, რომ არანაირი გამოძიება არ გაინტერესებს, არანაირად არ ცნობ არც სასამართლო ხელისუფლებას, არც პარლამენტს, არც არჩევნებს, და რევოლუცია არის ერთადერთი გზა. რასაკვირველია, ელჩის მოწოდება, უპირველესად, ოპოზიციას ეკუთვნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა: „ვშიშობ, ნიკა მელიას საქმეს დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო გადაწყვეტის მოძებნა“.