გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის, რევოლუციის გეგმა აქვს და ამ ვითარებაში, ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა
გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის, რევოლუციის გეგმა აქვს და ამ ვითარებაში, ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა

ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება, რომ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.  მან კომენტარი გააკეთა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე.

გია ვოლსკი აცხადებს, რომ შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე.

„ეროვნული შერიგება უნდა შედგეს, საჭიროა კიდეც და თაობაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების რიტორიკა შეიცვლება. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გეგმა არსებობს – დესტაბილიზაციის, რევოლუციის. ამ ვითარებაში, ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა, რომ ვინმეს თავი მოაწონო და რეალური გეგმების შეფუთვა მოხდეს.

შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა-გამყარება-ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია. არსებობს კანონი, კონსტიტუცია და ამის ირგვლივ პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ რეალურად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიესალმება იმას, რომ შერიგების ფორმატში დამნაშავე სააკაშვილი განთავისუფლებული იყოს პასუხისმგებლობისგან, ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიჰყვება თავისი გეგმების სარეალიზაციოდ და საერთოდ არ აინტერესებს, საზოგადოებაში რა მდგომარეობა იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი