გია ვოლსკი - გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება
გია ვოლსკი - გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება

გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსა და ცვლილებებსაც მხარდაჭერა ექნება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. ამის შესახებ ვოლსკიმ პრემიერობის კანდიდატად გახარიას დასახელების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სამთავრობო აქტივობები და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა ინტენსიფიცირებული იქნება. თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით გაზრდილი იქნება თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის, რასაც ვგეგმავთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხელისუფლება ამ გადაწყვეტით რას ეუბნება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც გახარიას გადადგომას ითხოვდა, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს“.

„საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ, რასაკვირველია.

ვფიქრობ, ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს. მთავარი თემა არის შემდეგი. პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის.

ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20 ივნისს, მე ვფიქრობ, არის თავიდან ბოლომდე დანაშაული იმ ადამიანების, ვინც პარლამენტზე შეტევა წაახალისა. რაც 2012 წლამდე მოხდა – 26 მაისი და სხვა თარიღები გავიხსნოთ. ეს იმ პერიოდის ხელისუფლების დანაშაულია თავისი ხალხის მიმართ – სიკვდილი, წამება და შეურაცხყოფა. ეს იქნება მთავარი ნიშანი, რაც სურს გააკეთოს ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ამათ შორის. ეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სტრატეგიაა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.