გია ვოლსკი - არ ვიცი, სააკაშვილის განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზო, მაგრამ ფაქტია, მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა
გია ვოლსკი - არ ვიცი, სააკაშვილის განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზო, მაგრამ ფაქტია, მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა

მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო და პრეზიდენტობის დროს მას ამისთვის გარკვეული რესურსი ჰქონდა კიდეც; სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხელში ჯოხი ეკავა; ახლაც იგივე სააკაშვილს ვხედავთ, როგორც მსჯავრდებულს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რიგგარეშე არჩევნებისა და საყოველთაო პროტესტის თაობაზე. ვოლსკის თქმით, რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და მიხეილ სააკაშვილი საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს.

„რასაკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია – საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და თავისი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა.

რაც შეეხება სახალხო დამცველისა და ექიმების განცხადებას, ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი თავს წყნარად გრძნობს. ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გამოიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ – ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გასვლა, მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია გაცილებით ნაკლები დანაშაულისთვის, ვიდრე ჩადენილი აქვს.

„მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა მძიმეა და არ შეიძლება, პატიმრობაში რჩებოდეს. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს.

როგორც ვხედავთ, პარტიაში ერთმანეთს ორი თემა დაეჯახა – აირჩიო პარლამენტი და არა ქუჩა, პარლამენტი და არა – სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველოდები, რადგან მათი მხრიდან ისევ იქნება მცდელობა იმისა, იმ შეგონების რეალიზაცია მოახდინონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით აქვს. ჩვენს ქვეყანას თუ რაიმე არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არეულობისა და დაპირისპირების სიმბოლოა“, – განაცხადა ვოლსკიმ.