გია გეგუჩაძის კომენტარი „დინამო თბილისთან“ დამარცხების შემდეგ - დრო გვიჩვენებს, ამ მატჩის შედეგი საჩემპიონო ბრძოლაში რას შეცვლის #1TVSPORT
გია გეგუჩაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ეროვნული ლიგის 29-ე ტურის და მეოთხე წრის სეზონის ცენტრალურ შეხვედრაზე, რომელშიც მისი გაწვრთნილი ბათუმის „დინამო“ კონკურენტ „დინამო თბილისთან“ (0:1) დამარცხდა.
„წაგების მიზეზი მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილად არ ყოფილა. მოტივაცია არც ერთ გუნდს არ აკლდა და ეს ამ თამაშშიც გამოჩნდა. ვულოცავ „დინამო თბილისს“ გამარჯვებას.
დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩამოვინაცვლეთ პირველიდან მეორე პოზიციაზე. რა შეიცვლება ამით? ჩემპიონატი გრძელდება და ჩვენ მიზნის მიღწევას ჩვეულებრივ უნდა ვეცადოთ. დრო გვიჩვენებს, ამ მატჩის შედეგი საჩემპიონო ბრძოლაში რას შეცვლის“, – ამბობს გია გეგუჩაძე.
„დინამო თბილისმა“ 63 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე ბათუმის „დინამოს“ (61 ქულა) პირველად გადაასწრო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მოქმედ ჩემპიონთან 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და პირველ საფეხურზე ასვლა მოახერხა.