გია გეგუჩაძე - ყურადღება მოვადუნეთ და ქულები დავკარგეთ, ალბათ, ეს ლოგიკური იყო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ ქუთაისში „ტორპედოსთან“ უმნიშვნელოვანესი ქულები ვერ მოიპოვა და ლიდერობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.
ბუნებრივია, გია გეგუჩაძე „ტორპედოსთან“ ფრედ დასრულებული მატჩით (2:2) უკმაყოფილოა. ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა, რაც გუნდს პირველად არ ემართება.
„ეს პირველად არ ხდება. ალბათ, ყურადღება მოვადუნეთ და ვიფიქრეთ, რომ გამარჯვება ჩვენ მხარეს რჩებოდა. აბსოლუტურად უყურადღებოდ დავტოვეთ მეტოქეები, ორი ბურთი გავუშვით. მერე კი ვეცადეთ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ ეს მცდელობა აღარ დაგვიფასდა“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ქუთაისურ კლუბზეც ილაპარაკა:
„ჩვენ საბრძოლველად გამოვედით, რადგან რთული თამაშის მოლოდინი გვქონდა. წინასწარ ვერ ვიტყოდი, როგორ დასრულდებოდა. ალბათ, როგორც დასრულდა, ლოგიკური შედეგი ეს იყო“.
ბათუმის „დინამომ“ 39 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს კონკურენტ „დინამო თბილისს“, რომელიც დღეს, 23 ივნისს მორიგ მატჩს „დინამო-არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს და მოგების შემთხვევაში, ბათუმის გუნდს ლიდერობას წაართმევს.