გია გეგუჩაძე - წაგება ლოგიკურია, რადგან „საბურთალოსთან“ ბევრი შეცდომა დავუშვით #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნმელმა, გია გეგუჩაძემ საქართველოს თასის ნახევარფინალში „საბურთალოსთან“ წაგებულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის გამო დამარცხებას ლოგიკური უწოდა.
„შედეგი ლოგიკური იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც საგოლე მომენტები და გაშვებული ბურთები მოყვა. ეს არის იმის მიზეზი, რომ დავმარცხდით. დრო აღარ გვეყო, რომ მდგომარეობა გამოგვესწორებინა“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნმელმა მეტოქეს წარმატებები უსურვა:
„გუნდს მონდომება განსაკუთრებით ბოლოში ეტყობოდა, მაგრამ საკმაოდ ქაოტურად ვთამაშობდით. ამიტომ რაც მოხდა, ლოგიკურია. „საბურთალოს“ გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ“.
დავით ყოფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბათუმის „დინამო“ თბილისში „საბურთალოს“ ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერია და ისტორიაში პირველ ოქროს მედლებს ერთი ნაბიჯი აშორებს.
თუმცა უკვე ცნობილია, რომ გუნდი ოქროს დუბლის შესრულებას ანუ ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასის მოპოვებას ვერ შეძლებს.