ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ და გუნდის ნახევარმცველმა, ლადო მამუჩაშვილმა კომენტარი გააკეთეს ბელექში გამართულ პირველ საკონტროლო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ვიცეჩემპიონი უკრაინის პრემიერლიგელ „ლვოვს“ დაუზავდა – 1:1.
„მთავარი შედეგი მაინც ის იქნება, რასაც ჩემპიონატში ვაჩვენებთ. თუმცა, ყურადღებას ამხანაგური მატჩების შედეგსაც ვაქცევთ. ახლა ჩვენთვის მთავარი გუნდის შეთამაშება და გარკვეული ხარვეზების გამოსწორებაა. ამ ეტაპზე, ნებისმიერი თამაშიდან ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც უნდა დავამუშავოთ და შემდეგ სამწვრთნელო პროცესში გადავიტანოთ“, – განაცხადა გეგუჩაძემ.
ლადო მამუჩაშვილი: „ვფიქრობ, ნორმალური თამაში ვაჩვენეთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თამაშით ყველა ფეხბურთელმა ისიამოვნა, თუმცა, შედეგი მაინც ფრეა, რაც ლოგიკურია, შეგვეძლო მოგვეგო და შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და მეტოქეს ბურთის ფლობითაც ვაჯობეთ და საგოლე მომენტებითაც. ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, კიდევ გვექნება ოტხი თამაში და ვფიქრობ, ხარისხი შემდეგ თამაშებში კიდევ უფრო დაიხვეწება“.