ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალში, საგურამოში თბილისის „ლოკომოტივის“დამარცხაზე (3:1_ გააკეთა კომენტარი. მისი გუნდი საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად, თასის მოსაპოვებლად და დუბლის შესრულებისთვის იბრძვის.
„დღეს ამოცანა გვქონდა მომდევნო ეტაპზე გავსულიყავით, ეს შევასრულეთ და ძალიან კარგი ამბავია. „ლოკომოტივი“ ძალიან კარგი გუნდია. მომენტები ორივეს გვქონდა, ჩვენ მეტი გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ. ფეხბურთელებს მონდომებას ნუ დავუკარგავთ. იყო გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ „ლოკომოტივს“ საკმაოდ მაღლა ვეთამაშეთ“, – ამბობს გია გეგუჩაძე.
„საქართველოს თასის ყველა ნახევარფინალისტი და შესაძლო მეტოქეები ცნობილია. შემდეგ ეტაპზე ვის ისურვებდით?“ – ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ამ კითხვაზეც პასუხის გაცემისას პრობლემაზე მიანიშნა: „არ ვიცი, მე ვისურვებდი კარგ მოედანზე გვეთამაშა, შედარებით უკეთესი ფეხბურთის თამაში რომ შეიძლებოდეს. აი, ამას ვისურვებდი. კენჭისყრაა და ვინ შეგვხდება, ვნახოთ“.
ლაზარე კუპატაძე, ბათუმის „დინამოს“ მეკარე:
„რთული მეტოქე იყო, მაგრამ თამაში პირველივე წუთებიდან მიგვყავდა და ერთი შეცდომა დავუშვით, რასაც გოლი მოჰყვა. თუმცა, ამის შემდეგ ჩვენი თამაში გავაგრძელეთ და შეხვედრა სასურველ შედეგამდე მივიყვანეთ“.