გია გეგუჩაძე ევროპალიგის წილისყრაზე - დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მოწინააღმდეგე, სად და რა პირობებში ვითამაშებთ
ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ამბობს, რომ ევროპის ლიგაზე გუნდი ახალი ლეგიონერების ჩამოყვანას, სავარაუდოდ, აღარ შეეცდება და არსებულ კონტინგენტს დაეყრდნობა.
„ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უეფაში 10 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მატჩი – 27 აგვისტოს. უცხოეთიდან ჩამოყვანილმა მოთამაშემ კი საკარანტინო რეჟიმი უნდა გაიაროს და ამას მართლაც ძალიან ბევრი სირთულე ახლავს. ამდენად, ჩვენი ძალებით გავდივართ და თუ ვინმეს დავიმატებთ, არა მგონია, ხმაურიანი ტრანსფერი იყოს“, – ამბობს გია გეგუჩაძე.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ბათუმის „დინამომ” საჩხერის „ჩიხურა“ გასვლაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდი ფორმაში შედის.
„ბოლო თამაშებში უკეთესად გამოვიყურებით და ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ. ერთადერთი, რაც გვაკლდა, გოლების სიუხვე იყო და „ჩიხურასთან“ ეს მოვახერხეთ. დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ და გოლიც არ გაგვიშვია. მაგრამ ევროპალიგაზე გამოსვლისთვის გუნდი მზადაა თუ არა, ამას თამაში გამოაჩენს. დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მოწინააღმდეგე, სად და რა პირობებში ვითამაშებთ, გვეყოლება თუ არა ტრავმირებული მოთამაშეები. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ წარმატებით გამოვიდეთ”, – აცხადებს გეგუჩაძე.
ევროპალიგის წილისყრა უეფაში 10 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება. ბათუმის „დინამო“ განუთესავია და ოდნავ ძლიერ მეტოქეს შეხვდება. ბათუმელთა სავარაუდო მეტოქეები არიან „ნეფთჩი“, „კეშლა“ (ორივე – აზერბაიჯანი) და ბეერ-შევას „ჰაპოელი“ (ისრაელი).