ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-12 ტურის მატჩის გმირმა თბილისის „დინამოსთან“ შეხვედრა შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ ეს დაუპირისპირება მასპინძლებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხი იყო და გამარჯვების გარდა, ამ ფაქტსაც დადებითად შევაფასებდი. თბილისის „დინამოსთან“ მატჩი დრამატული გამოდგა, 2:0 ვიგებდით და ეს უპირატესობა გავანიავეთ, მაგრამ მობილიზება მოვახდინეთ და მაინც გავიმარჯვეთ. ლიდერობა კარგია, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება და წინ კიდევ არაერთი დაძაბული თამაშები გველის“, – ამბობს ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.
შეხვედრის ბედი თორნიკე გაფრინდაშვილმა გადაწყვიტა. შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა შემტევმა თბილისელთა კარი 90+3-ე წუთზე გაიღო და ბათუმელებს გამარჯვება მოუტანა.
„ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელსაც ორბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, მაგრამ მოდუნების გამო ორი გოლი გავუშვით. კარგია, რომ საბოლოოდ, თამაშში გარდატეხის შეტანა მაინც შევძელით. დიდი მადლობას გულშემატკივარს – მათი ქომაგობით სტადიონზე საოცარი ატმოსფერო შეიქმნა და რეალურად, გულშემატკივარი ჩვენი მე-12 მოთამაშე გახდა“, – აცხადებს გაფრინდაშვილი.