გია გეგუჩაძე - ბოლო დროს პრინციპული მატჩები კარგად გამოგვდის და დღეს ჩეხებთანაც ამის მეიმედება #1TVSPORT
გია გეგუჩაძე - ბოლო დროს პრინციპული მატჩები კარგად გამოგვდის და დღეს ჩეხებთანაც ამის მეიმედება #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ცნობილმა საფეხბურთო სპეციალისტმა გია გეგუჩაძემ ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, უკრაინასთან ბოლო მატჩში ვერ გავიმარჯვეთ, თუმცა, მეორე ტაიმში აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა. გამარჯვება სტუმრებსაც შეეძლოთ, მაგრამ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი, ჟინი და მონდომება ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. თუმცა, ბიჭებს მეტი შეუძლიათ, თან გადამწყვეტ მომენტში.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩეხებთან უკრაინაზე უფრო რთული შეხვედრა გველოდება. ალბათ, ჩეხები უფრო აქტიურები იქნებიან და კონტრშეტევაზე მოქმედების მეტი საშუალება მოგვეცემა. თუმცა, ბურთის ფლობის და პოზიციური შეტევების განვითარების შანსიც მოგვეცემა და ესეც უნდა გამოვიყენოთ.

ასეთი თამაში ბოლო პერიოდში ცუდად არ გამოგვდის. ასე რომ, ცალსახად ვერ ვიტყვი – ტაქტიკა კონტრშეტევებზე უნდა ავაგოთ. ჩეხებს უკვე ორჯერ შევხდით და ახლა ყველას ესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. არ მგონია, დაუფასებლობას ჰქონდეს ადგილი. ჩვენ კი შეცდომები მინიმუმამდე უნდა შევამციროთ.

საბედნიეროდ, ბოლო დროს პრინციპული კარგად მატჩები გამოგვდის და ყველა ვხედავთ, რომ ჩვენი ნაკრები თვისობრივად სხვა საფეხურზეა. ამ ახალგაზრდებს უკვე არაერთი რთული შეხვედრის გამოცდილება გააჩნიათ. ამიტომ მეიმედება, რომ დღესაც მობილურ და კარგი ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებს ვიხილავთ“, – ამბობს გია გეგუჩაძე.