გია გეგუჩაძე - ბათუმის "დინამოში" ჩემი დანიშვნა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია
გია გეგუჩაძე საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ეს ამბავი საფეხბურთო სპეციალისტმა პირველ არხთან თავად დაადასტურა.
„ჯერ გუნდთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, თუმცა დასამალი არაფერია, ბათუმელთა ხელმძღვანელობას ველაპარაკე, კონტრაქტზე სიტყვიერად შევთანხმდით და ახლა მხოლოდ დეტალებია დასაზუსტებელი”, – აცხადებს პირველ არხთან გეგუჩაძე.
მისი თქმით, ლაპარაკია ბათუმის „დინამოს“ განვითარების ხანგრძლივ პროგრამაზე.
“წინასწარი შეთანხმება ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებაზე გვაქვს, რადგან დიდი გეგმებია. გუნდი რომ განვითარდეს და გამართული სტრუქტურა აეწყოს, საჭიროა საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება, ძლიერი ასაკობრივი გუნდები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. პროექტების განხორციელება უკვე დაწყებულია. გუნდის საწვრთნელი ბაზა აშენდა და მოედნები კიდევ გაკეთდება. დამტკიცებულია ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროექტი და მალე ინფრასტრუქტურის კუთხით აჭარაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ცხადია, ეს ბათუმის „დინამოს“ მდგომარეობაზეც სასიკეთოდ აისახება”, -აღნიშნავს გეგუჩაძე.