გია გეგუჩაძე ბათუმის „დინამოს“ მოგებაზე - მსგავსი გულშემატკივრობა საქართველოს ჩემპიონატზე არ მახსენდება
სასწაული გარემო იყო. დიდი ხანია, რაც ქართულ ფეხბურთში ვარ, მაგრამ მსგავსი გულშემატკივრობა და ატმოსფერო საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე არ მახსენდება. ასეთი რამ ბევრ ევროპულ ჩემპიონატზეც არ ხდება, – განაცხადა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, „საბურთალოსთან“ მოგების შემდეგ.
„მიმაჩნია, რომ გულშემატკივარმა ლამაზი ფეხბურთი იხილა და ორივე გუნდის თამაშით ისიამოვნა. ერთმანეთს ორი ღირსეული გუნდი შეხვდა და მიხარია, რომ გამარჯვება და ლიდერობა ჩვენ დაგვრჩა. მაგრამ ამ გამარჯვებით და პირველ ადგილზე დაწინაურებით შორს მიმავალ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ჯერ მხოლოდ 10 ტური ჩატარდა, წინ კი 26 შეხვედრაა და არავინ იცის, დასკვნით ნაწილში ვინ ვის აჯობებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.
ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის აზრით, შეხვედრის მაღალი ტემპი გულშემატკივრებმა განაპირობეს.
„სტადიონზე ისეთი გარემო იყო, რომ ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ. მაყურებელი ფეხბურთელებს აიძულებდა, ტემპი არ დაეგდოთ და ბოლომდე ებრძოლათ. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო და მიმდინარე სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩავატარეთ“, – აღნიშნა გია გეგუჩაძემ.
ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურში ლიდერი „საბურთალო“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა. მიმდინარე გათამაშებაში ლიდერი პირველად შეცვალა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა.