გია გეგუჩაძე ბათუმის ახალ სტადიონზე - ევროტურნირამდე ელიგის ერთი მატჩი მაინც უნდა ჩავატაროთ
„ყველაზე მეტად მინდა, რომ საქართველოში ფეხბურთი წინ წავიდეს, მე კი მის განვითარებაში ჩემი წვლილი შვეიტანო. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე, რომელიც 55 წლის გახდა.
ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელი სეზონისთვის ბათუმის „დინამოს“ მზადებაზე გველაპარაკა.
„წინა ორ ევროსეზონში, „ტორპედო“ და „საბურთალო“ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ იღბალი დააკლდათ. ბუნებრივია, იმიტომ ვმუშაობთ, რომ ბათუმის „დინამომ“ წარმატებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ევროსარბიელზე მიაღწიოს და ევროპაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გია გეგუჩაძე.
ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ის პრობლემები დაასახელა, რაც ეროვნული ლიგის განახლებამდე გუნდის მზადებას აფერხებს: „ფეხბურთელები გუნდურ ვარჯიშზე გადავიდნენ, მაგრამ ჯერ ამხანაგურ მატჩებსაც ვერ ვატარებთ და მხოლოდ ორკარას თამაშით ვიფარგლებით. ასე კი რთული შესაფასებელია, ფეხბურთელებმა ფორმა აღიდგინეს თუ არა. ფეხბურთელების მდგომარეობის შესაფასებლად საუკეთესო საშუალება ოფიციალური თამაშებია“.
გია გეგუჩაძე ამბობს, რომ ბათუმის ახალ სტადიონს ევროთასებამდე ვერ გახსნიან, მანამდე ტესტირებაა საჭირო: „ბათუმის სტადიონზე ევროტურნირზე თამაშის ჩატარების უფლებას არ დაგვრთავენ, თუ მანამდე მინიმუმ ერთი ტესტ-მატჩი მაინც არ გაიმართება. ალბათ, ევროტურნირებამდე ეროვნული ლიგის მატჩის გამართვა მოგვიწევს – ერთი შეხვედრის თუ ორის, მალე გადაწყდება“.