გია ჭიაბრიშვილი - მთავარია, ჩემპიონატამდე ტაქტიკურად გამართული გუნდი გვყავდეს
გია ჭიაბრიშვილი - მთავარია, ჩემპიონატამდე ტაქტიკურად გამართული გუნდი გვყავდეს

დღეიდან, გია ჭიაბრიშვილმა გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა. დილის სესია საკმაოდ დატვირთული გამოვიდა. ხვალ, „ლოკომოტივი“ მარბელაში პირველ ტესტ-მატჩს გამართავს და რუსულ „როსტოვს“ დაუპირისპირდება.

როგორ მიმდინარეობს მარბელაში „ლოკომოტივის“ საწვრთნელი შეკრება, ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივის“ პრესსამსახურთან ილაპარაკა.

„ძალიან რთული მგზვარობის შემდეგ მარბელაში ჩამოვფრინდით. ძალიან მინდოდა, რომ „ლოკომოტივი“ სწორედ აქ ჩამოსულიყო, სადაც ძალიან კარგ საფეხბურთო ცენტრია და გუნდის მოსამზადებლად მაღალი დონის პირობებია. გრძელი გზა გავიარეთ და ამიტომ, პირველ დღეს ფეხბურთელები ძალიან არ დამიტვირთავს. დღეიდან კი დიდი ყურადღება დაეთმობა ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშებსა და სათამაშო ასპექტების დალაგებას. რა თქმა უნდა, ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზეც ვიზრუნებთ. მთავარია, რომ თბილისში რომ დავბრუნდებით, ტაქტიკურად გამართული გუნდი გვყავდეს“, – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ საკონტროლო მატჩზეც ილაპარაკა: „ამავე დროს, შეკრებაზე ძალიან კარგი სპარინგებია დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 8 თებერვალს „როსტოვთან“ გვაქვს, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანია. კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვალერი კარპინია. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება“.