გია ჭიაბრიშვილმა რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდართან“ სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა (2:3) შეაფასა, სადაც მისმა გაწვრთნილმა, თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლომდე იბრძოლა.
„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანურ მარბელაში გამართულ მეორე ტესტ-მატჩსა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.
„ეს მატჩი ხარისხობრივად ოდნავ უკეთესად ჩავატარეთ, ვიდრე წინა სპარინგი. გუნდს ეტყობა, რომ ტაქტიკურად უმატებს. ორჯერადი დატვირთების ფონზე, ფეხბურთელები მოედანზე უკვე სასურველი სისწრაფით გადაადგილდებიან. მთლიანობაში, ჩემი გუნდის მონდომებით და მზადყოფნით ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, საუკეთესო ფორმიდან და საუკეთესო თამაშიდან ძალიან შორს ვართ. ძალიან ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემპიონატამდე კიდევ დალაგდება ის, რაც ჯერ კიდევ დასალაგებელია“ – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.
„ლოკომოტივი“ ესპანურ შეკრებაზე მარბელაში კიდევ ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს: თბილისელები 14 თებერვალს მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეხვდებიან, ხოლო 17 ან 18 თებერვალს ესპანურ „მალაგას“ დაუპირისპირდებიან. გუნდი თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებამდე, ერთი კვირა მზადებას დედაქალაქში გააგრძელებს.