გია ცეცაძემ „ლვოვი“ ჩაიბარა - ჩემმა გუნდმა ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს
გია ცეცაძემ „ლვოვი“ ჩაიბარა - ჩემმა გუნდმა ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს

ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგის კლუბი „ლვოვი“ ჩაიბარა, რომელიც ლიგაში მე-11 ადგილზეა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გია ცეცაძის სადებიუტო შეხვედრა 27 ივნისს ლვოვურ დერბიში შედგება, სადაც მისი ახალი გუნდი „კარპატის“ შეხვდება.

გია ცეცაძემ „ლვოვის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში დასახულ მიზნებსა და გეგმებზე ილაპარაკა.

„შევეცდებით, ამ სეზონში დარჩენილ მატჩებში მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ. მთავარია ისაა, რომ დარჩენილი 5 მატჩიდან მაქსიმალურად მეტი მოვიგოთ. ხუთი მოგება საერთოდ მშვენიერი იქნება. ჩვენ მაქსიმალურად მეტი მატჩი უნდა მოვიგოთ, ეს ჩემპიონატი ღირსეულად რომ დავასრულოთ და შემდეგი სეზონისთვის მოვემზადოთ“ – ამბობს გია ცეცაძე.

45 წლის ქართველმა სპეციალისტმა ირიბად მიანიშნა, რომ უკრაინელებისთვის ტრადიციული ფეხბურთის თამაში არ სურს: „პირველად ვარ უკრაინაში, როგორც გუნდის მწვრთნელი, მაგრამ ფეხბურთთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები მაქვს. არა აქვს მნიშვნელობა, ვის შევხდებით. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ნებისმიერ მეტოქესთან მოგება გვსურს და მოედანზე ყველა მატჩის მოსაგებად უნდა გავიდეთ“.