გია ცეცაძე - „სამტრედიას“ მინიმუმ სამი თამაში არ უნდა წაეგო #1TVSPORT
„სამტრედია“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გორში „დილას“ ესტუმრება. გია ცეცაძის გუნდი კარგ განწყობაზეა – ბოლო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „თელავს“ სძლია (2:1) და რაც მთავარია, ნაწილობრივ მაინც აჩვენა ის ფეხბურთი, რასაც მისგან გულშემატკივრები ელოდნენ.
„შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ტურში „თელავთან“ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვიყავით, ფეხბურთელებიც და უპირველესად – მე. იყო საფრთხე, რომ ვერ მოგვეგო. მაგრამ ის შედეგი მივიღეთ, რაც გვინდოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახლში თამაში არ გვქონდა მოგებული. ამით ძალიან ემოციური დღე იყო და გულშემატკივარმა გაიხარა. თავადაც იცით, სამტრედიასთან მეც რა ემოციები მაკავშირებს. ამან რაღაცით ძველი დრო გამახსენა. მაგრამ ეს იყო იმ მომენტში. თამაში დამთავრდა და ახლა „დილასთან“ თამაშისთვის ვემზადებით“, – ამბობს გია ცეცაძე.
ცეცაძემ კლუბში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თამაშის ხარისხმა მოიმატოს და რაც მთავარია, შედეგი მივიღოთ. მიმაჩნია, რომ მინიმუმ სამი თამაში არ უნდა წაგვეგო. სამწუხაროდ, ჩვენი ბრალია, მეტი არავის, ასე რომ მოხდა. რაღაც მომენტში კონცენტრაციას ვკარგავდით, რამაც ცუდი შედეგი გამოიწვია. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს კონცენტარცია მაქსიმუმამდე ავიყვანოთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“.
„სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელმა კომენტარი „დილასთან“ მოახლოებულ მატჩზეც გააკეთა.
„ჩვენი მეტოქე სახლში თამაშობს და რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს. მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ შანსი თანაბარია და ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელსაც მეტი კონცენტრაცია და მონდომება აღმოაჩნდება. იმედია, ეს გუნდი „სამტრედია“ იქნება“.
ცეცაძემ გულშემატკივრის ფაქტორს ხაზი გაუსვა.
„ჩვენს გულშემატკივარში დარწმუნებული ვიყავი და ვარ. რაც უფრო მეტი მოვა სტადიონზე, უფრო უკეთესი იქნება. ის მცირე სიხარული, რაც „თელავთან“ შეხვედრის შემდეგ მივიღეთ, უნდა განვავრცოთ და ხალხი მეტად უნდა გავახაროთ. მერე ვნახოთ, მადა ჭამაში მოდის და რაც უფრო მეტი იქნება გამარჯვება, წინსვლის მით უფრო მეტი სურვილი გაჩნდება“.