გია ცეცაძე „სამტრედიას“ ლეგიონერებზე - სავიზო პრობლემა იყო, მაგრამ მოგვარდა
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ტობოლი“-“სამტრედიას“ განმეორებითი შეხვედრა 19 ივლისს კოსტანაიში გაიმართება. პირველი მატჩში ყაზახებმა 0:1 მოიგეს და წყვილში ფავორიტები არიან.
გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კოსტანაიში მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთეს.
„მინიმუმ, კარგ თამაშს ველოდებით და შევეცდებით, შეხვედრა საჩვენოდ დავასრულოთ. რეალურად, სულ რაღაც 10 დღის შეკრებილი ახალი გუნდი ვართ და ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს. შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ იქნება, მაგრამ გარკვეული კორექტივებს შევიტან. იყო ლეგიონერებზე სავიზო პრობლემა, მაგრამ უმნიშვნელო და მოგვარდა. სიურპრიზები? ყველა გუნდს თავისი სიურპრიზები აქვს, მაგრამ ეს თამაშის დროს გამოჩნდება”,- განაცხადა გია ცეცაძემ.
„საქართველოში პირველი მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და ბოლოს წუთზე გატანილი გოლით მოვიგეთ. თუმცა კიდევ 90 წუთია სათამაშო. მეტოქე თავს არ დაზოგავს, გამარჯვებისთვის იბრძოლებს და მძიმე დაპირისპირებას ველი. თუმცა ვიმედოვნებ, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპს გადავლახავთ“,- განაცხადა “ტობოლას” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ნიკიტენკომ.
შეხვედრა კუსტანაის ცენტრალურ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.