გია ცეცაძე - გიორგი ჭელიძე „თელავს“ კარგ ფეხბურთს ათამაშებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუსრულდა და გუნდი მოედანზე ხელახლა „თელავთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩზე გაიყვანა.
„მოგებას ვგეგმავდი. ცხოვრებაში სხვა რამ არც დამიგეგმია და არც დავგეგმავ. მაგრამ თამაში სხვაგვარად წარიმართა – ჩვენი გეგმა გვქონდა და მას მივყვებოდით. ბოლოს ნახეთ, სანიკიძემ (თელავის მეკარე) გუნდი რომ გადაარჩინა – ვიცი, კარგი ბიჭია. დაგეგმილი გვქონდა კონტრშეტევაზე გვეთამაშა და სამწუხაროდ, მოგება არ გამოგვივიდა. მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე ერთი ქულით კმაყოფილი ვარ“, – ამბობს გიორგი ცეცაძე.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გარემოებებში ის იგულისხმა, რომ „თელავთან“ მატჩამდე გუნდის 12 მოთამაშე ტრავმირებული იყო. ცეცაძემ თავის კოლეგაზეც ისაუბრა და მისი მუშაობა გამოარჩია.
„გიორგი ჭელიძე (თელავის მწვრთნელი) ახალგაზრდა სპეციალისტია, დიდ ფეხბურთში ფეხი ახლახან შემოდგა და ვფიქრობ, რომ გემოვნებიანი მწვრთნელია. გუნდს კარგ ფეხბურთს ათამაშებს. საუბედუროდ, ასეთი ბევრი მწვრთნელი არაა. წარმატებას ვუსურვებ „თელავის“ ფეხბურთელებს და უპირველესად, თავად გიორგის – „თელავის“ თამაში მართლა მომეწონა“, – ამბობს ცეცაძე.