გია ცეცაძე - ბევრი კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ, მაგრამ შეთამაშება გვჭირდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ პირველი თურქული შეკრება და ჩერნოგორიულ „რუდართან“ გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
– 16 დღე ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებოდნენ. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან რთული პერიოდი გაიარეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ. მათ თითქმის 100%-ით გააკეთეს ის, რასაც ვგეგმავდით.
– თამაშს რაც შეეხება, მართლა კმაყოფილი ვარ, რადგან სიმართლე გითხრათ, უარესს ველოდი – სათამაშო კუთხის მხრივ. ძალიან დიდი დატვირთების ფონზე ვითამაშეთ. შედეგს შეკრებაზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ყველაზე მეტად მაინტერესებდა მოედანზე მათი გადაადგილება, აჩქარებები, სპრინტები და კილომეტრაჟში მათი დაფარული მანძილი – ეს დამაკმაყოფილებელი იყო.
– ახლა დატვირთვები იკლებს – ბიჭები სამი დღე დაისვენებენ და შემდეგ ბევრი ფეხბურთი იქნება. ისევ ორჯერადად ვივარჯიშებთ, ჩავატარებთ ტაქტიკურ და თეორიულ მეცადინეობებს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული იმ თამაშთან, რაც ჩვენ გვინდა.
– ბევრი კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ, მაგრამ შეთამაშება გვჭირდება. მეორე შეკრების დარჩენილი 18 დღე და საკონტროლო თამაშები მოიცავს შეთამაშებას და სხვადასხვა ტაქტიკური სქემების დამუშავებას. ვფიქრობ, რომ თამაშის ხარისხის და შედეგის მხრივ დარჩენილი პერიოდი უკეთესი იქნება.