გია ცეცაძე - აუცილებლად მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
გია ცეცაძე - აუცილებლად მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თურქულ შეკრებაზე პირველი კომენტარი გააკეთა და ისაუბარა შეკრების ხანგრძლივობასა და ტიპზე, დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებზე, მოსალოდნელ ტრანსფერებსა და მომავალი სეზონის მიზნებზე.

„ჩამოვედით ბელეკში, დავბინავდით, სადაც 17 ფეხბურთელი წამოვიყვანეთ. აქ დღეს დინო ჰამზიჩი შემოგვიერთდა. კიდევ ერთ მეკარეს ველოდებით, რომელიც უნდა გავსინჯოთ – ახალგაზრდა და საკმაოდ კარგი მეკარეა. საქმეში ვნახავთ და გადაწყდება, დარჩება თუ არა. ასევე 2-3 ფეხბურთელი უნდა დაგვემატოს და სრულფასოვნად შევიკრიბებით.

ეს ორი დღეა გუნდი ემზადება, ორჯერად ვარჯიშებზე გადავედით. 29 იანვარს კი ჩერნოგორიის „რუდაკს“ შევხდებით, ამაზე დღეს შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. შემდეგ ერთდღიანი შესვენება გვექნება, მეორე შეკრება კი 2 იანვარს დაიწყება და ისევ ბელექში ჩამოვალთ, ოღონდ, სხვა სასტუმროში. მეორე შეკრებაზე რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის ჩატარება გვსურს და ამის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. საკმაოდ კარგ გუნდებზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. 4 ამხანაგური მატჩი გვექნება – 4, 8, 13 და 17 თებერვალს და საქართველოში გამოვემგზავრებით“.

„მოლაპარაკება საკმაოდ კარგ ფეხბურთელებთან მიმდინარეობს. რამდენიმეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და კლუბი უახლოეს პერიოდში განცხადებას გააკეთებს. ყველა ტრანსფერი შეიძლება არ გამოვიდეს. მაგრამ მადლობა ღმერთს, იმ ფეხბურთელების უმრავლესობა დავიმატეთ, ვისი მოწვევაც გვსურდა. 2-3 ძლიერი ფეხბურთელი კიდევ დაგვემატება.

რაც შეეხება მოლოდინს, წარმატების გარდა, არაფერზე ვისაუბრებთ. 100 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მაღალი ადგილებს დაკავება იქნება. სწორი არ იქნება, კონკრეტულად ვთქვა, რომელ ადგილს დავიკავებთ, ეს ახალი გუნდია და ერთი წლით არ იქმნება. თუმცა, აუცილებლად მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ.“