ღვიანიაშვილი და ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ #1TVSPORT
ღვიანიაშვილი და ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა – ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.) იასპარეზეს. სამწუხაროდ, ორივე მათგანი ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა.

ღვინიაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და შვეიცარელ სირილ გროსკლაუსს დაუპირისპირდა. ქართველმა ვაზარი მოიპოვა და ბრძოლას იგებდა, თუმცა მეორე ილეთი ე.წ. „ფეხის ამოხვევით“ (კავაზუ გააკე) შეასრულა და მსაჯებმა ტურნირიდან მოხსნეს.

პირველივე ეტაპიდან ასპარეზობდა ჭანტურია და გაბონელი მეტოქე იოლადაც დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში გერმანელ ბუტკერაიტსთან წააგო და მედლისთვის ბრძოლა დაასრულა.

საგულისხმოა, რომ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი ტურნირის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ ეტაპზე მან იაპონელ კენტა ნაგასავას სძლია, ხოლო ფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ყულაბაში ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი