ღია ვარჯიში ბათუმის სტადიონზე გაიმართება - შოთა არველაძეს „დინამოს“ აკადემიის მწვრთნელებიც დაეხმარებიან #1TVSPORT
შოთა არველაძე ღია ვარჯიშს ბათუმის სტადიონზე გამართავს, – ინფორმაციას ბათუმის „დინამოს“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცველებს.
ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, ღია ვარჯიშებს ჩაატარებს დასავლეთ საქართველოში – ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში.
„დასავლეთის ტურის ფარგლებში, ქართველი მწვრთნელი და ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ქალაქ ბათუმში, „დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელებისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს.
მასტერკლასების სერიის ფარგლებში, ვარჯიში შაბათს, 3 ივნისს, 19:00 საათზე ბათუმის სტადიონზე გაიმართება. საწვრთნელ პროცესში შოთა არველაძესთან ერთად მონაწილეობას „დინამო ბათუმის“ აკადემიის მწვრთნელებიც მიიღებენ.
ვარჯიშზე დასწრება შეუძლიათ როგორც აკადემიის ფეხბურთელებს და მშობლებს, ისე კლუბის გულშემატკივარს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – აღნიშნულია ბათუმის „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.