იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის განხილვის გადადებას ხმაური მოჰყვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივის განხილვის გადადებას საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს პოპულისტური უწოდა. მისივე თქმით, შეუძლებელია, მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების რამდენიმე საათში მიღება.
„ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ შეიძლება 14-მა ადამიანმა 2 საათში იმსჯელოს. ეს არის პოპულისტური განცხადება და გათვლილი იმაზე, რომ შემდგომ, საბჭოს ზოგიერთმა წევრმა დაჩაგრულის პოზიციიდან წარმოადგინოს თავი”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
რაც შეეხება საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას, გიორგი მიქაუტაძე ირწმუნება, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.
საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობას სავარაუდოდ, რამდენიმე თქვე დასჭირდება.
„იქნება ყველასთვის გასაგები, გამჭვირვალე და ნათელი რეგულაციები, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის მიხედვით ჩვენ შევარჩევთ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს. რაც შეეხება ასეთ ფორსირებულ რეჟიმში დოკუმენტის წარმოდგენას და შემდეგ ისტერიულ მოთხოვნას, რომ აუცილებლად დღეს, რამდენიუმე საათში მივიღოთ და ყველას სრულყოფილი აზრი ჰქონდეს, წარმოუდგენელია“,- აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.