გერმანული მედია - ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ შემდეგ „სლოვანში“ ბევრად უკეთესად გამოიყურება #1TVSPORT
გერმანული მედია - ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ შემდეგ „სლოვანში“ ბევრად უკეთესად გამოიყურება #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში გერმანულ მედიას არ გამორჩენია. საერთო შეფასებაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ჰამბურში“ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, მაგრამ ბრატისლავის „სლოვანში“ ფორმა აღიდგინა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ კონფერენს ლიგის საუკეთესო ასისტენტებშია.

hsv24 – ექს-ჰამბურგელმა ჩაკვეტაძემ ახალი კლუბი ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებამდე მიიყვანა

გასულ სეზონში „ჰამბურგის“ ერთ-ერთი ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე იყო. გუნდმა ქართველი სეზონის მეორე ნახევარში იჯარით „გენტიდან“ დაიმატა და მას ბუნდესლიგაში დაწინაურების იმედს უკავშირებდნენ. გეგმამ არ გაამართლა. ჩაკვეტაძემ „ჰამბურგის“ მაისურით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ზაფხულში მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ. 23 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ წავიდა, სადაც ბევრად უკეთესად გამოიყურება. მისმა გუნდმა კონფერენს ლიგაში ვილნიუსის „ჟალგირისთან“ გადამწყვეტი მატჩი 2:1 მოიგო. ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და ჯგუფში სლოვაკების გამარჯვება უზრუნველყო.

Hamburger Morgenpost – ჩაკვეტაძე სლოვაკეთში ათამაშდა

გიორგი ჩაკვეტაძე (23 წლის) გასულ სეზონში „ფოლკსპარკში“ იჯარით თამაშობდა – ის „ჰამბურგში“ დიდი იმედით „გენტიდან“ დაიმატეს. მაგრამ ქართველმა მოლოდინი არ გაამართლა. ერთადერთი გოლი „პადერბორნს“ გაუტანა და ზაფხულში, სულ რაღაც თორმეტი მატჩის შემდეგ გუნდს დაშორდა. მაგრამ „ჩაკიმ“ (გიორგის მეტსახელია) თავისი ბედნიერება იპოვა. ბრატისლავას „სლოვანში“ იჯარით გადასვლის შემდეგ, ის მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია, კლუბი კი სლოვაკეთის ლიგაში ლიდერობს, ხოლო კონფერენს ლიგაზე პლეიოფში გავიდა.